საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის გამონათქვამებს
გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავს გამონათქვამებს ორი მიზანი აქვს: პირველი, პატრუშევი და კრემლის რეჟიმის მესვეურები ასეთი განცხადებებით, ერთი მხრივ, ცდილობენ აიცილონ პასუხისმგებლობა თავის პროფესიულ უსუსურობასა და არაკომპეტენტურობაზე, ხოლო მეორე, ცდილობენ გაამართლონ საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვა. პატრუშევის განცხადებებზე დავით ჯალაღანიას კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აქვეყნებს.
"პატრუშევი და რუსეთის სპეცსამსახურების სხვა მაღალჩინოსნები ადრეც არაერთხელ აკეთებდნენ განცხადებებს საქართველოს კავშირზე სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან, მათ შორის "ალ-ქაიდასთან". საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველთვის დაუფარავი უნდობლობით და დამცინავად ეკიდებოდა ასეთ განცხადებებს და არასოდეს არ განიხილავდა მათ სერიოზულად, რადგანაც საქართველო არის ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრი და თავისი წვლილი შეაქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად, ავღანეთში განლაგებულია 173-კაციანი გაძლიერებული ასეული, ხოლო უახლოეს მომავალში მათ 750-კაციანი ბატალიონი დაემატება. პატრუშევი და კრემლის რეჟიმის მესვეურები ასეთი განცხადებებით, ერთის მხრივ, ცდილობენ აიცილონ პასუხისმგებლობა თავის პროფესიულ უსუსურობასა და არაკომპეტენტურობაზე, ხოლო მეორეს მხრივ გაამართლონ საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვა, რეპრესიები პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით ქსენოფობიის გაღვივება, ათეულ ათასობით მშვიდობიანი ადამიანის მკვლელობა ჩრდილოეთ კავკასიაში და მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული აგრესიული პოლიტიკა. რუსეთის მოსახლეობას სრული უფლება აქვს მოჰკითხოს კრემლს თუ რატომ იზღუდება მათი უფლებები ყოველი ტერორისტული აქტის შემდეგ, მაშინ როცა ასეთი აქტების რიცხვი კრემლის რეპრესიული პოლიტიკის გამკაცრების პირდაპირპროპორციულად იზრდება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პატრუშევის და კრემლის მმართველების არაადექვატურობა ეჭვს აღარ იწვევს. ეს არაადექვატურობა საფრთხეს უქმნის როგორც რეგიონალურ, ასევე საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დარწმუნებული ვართ საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადო შეფასებას მისცემს პატრუშევის პროვოკაციულ განცხადებებს. საქართველო, თავის მხრივ, პირნათლად შეასრულებს თავის ვალდებულებებს ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა ჯალაღანიამ.