დღეს ახალი პარტია "მთლიანი საქართველო" დაფუძნდა. პარტიის პრეზენტაცია და პირველი ყრილობა სასტუმრო "რედისონში" გაიმართა, რომელზეც პარტიის თავმჯდომარედ აკაკი გასვიანი აირჩიეს.
გასვიანის განცხადებით, პარტია ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს; კერძოდ კი ორიენტირებული იქნება სოციალური პროგრამების განხორციელებაზე, განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმების შემუშავებაზე და პოლიტპატიმრების უფლებების დაცვაზე.
"პარტია ამჟამად ჩამოყალიბების ეტაპზეა და არჩევნებში მონაწილეობა ნაადრევია. ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლებთ, თუმცა ამ ეტაპზე არჩევნებში ღიად არავის დავუჭერთ მხარს", - აღნიშნა გასვიანმა.
შეგახსენებთ, რომ აკაკი გასვიანი 1999 -2003 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია.