6-8 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკას ეწვევა.
ნორვეგიის სამეფოში გრიგოლ ვაშაძე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს იონას გარ სტორეს და სახელმწიფო მდივანს ესპენ ბარტ ეიდენსს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე, შეხვედრები პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან და ნორვეგიის სამეფოს ლტოლვილთა საბჭოს გენერალურ მდივანთან. ნორვეგიის სამეფოს საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში მინისტრის მონაწილეობით გაიმართება მრგვალი მაგიდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე.
ფინეთის რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყება ევროპულ საკითხთა და მიგრაციის მინისტრთან ასტრიდ თორსთან შეხვედრით. მინისტრი შეხვდება თავის ფინელ კოლეგას ალექსანდრე სტუბს, აგრეთვე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.