ქ. კიშინაუში გაიმართა კონსულტაციები უწყებათაშორისი ჯგუფის მონაწილეობით ევროინტეგრაციის და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს დელეგაციას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თამარ ბერუჩაშვილი, ხოლო მოლდოვას მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იულიან გროზა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრები მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრთან ნატალია გერმანთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ოქტავიან კალმაკთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან იგორ გრუსუსთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ანა გუცუსთან.
პარალელურად გაიმართა უწყებათშორისი შეხევდრები მოლდოვას შინაგან საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვის, ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სამინისტოების, ისევე როგორც მიგრაციისა და თავშესაფრის ბიუროს, ტრეფიკინგთან ბრძოლის ეროვნული კომიტეტის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული ცენტრის, ანტიკორუფციული ცენტრისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებთან, რომლებიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებს დაეთმო.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ევროინტეგრაციის დღის წესრიგის პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი და 2015 წელს ქ. რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მომზადების საკითხები.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კონტექსტში შეხვედრებისას, მოლდოვას მხარემ საქართველოს დელეგაციას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება სავიზო პოლიტიკის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ანტი-ნარკოტიკული სტრატეგიის იმპლემენტაციის და ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპულ ცენტრთან (EMCDDA) და ასევე EUROJUST-თან თანამშრომლობის, მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის, დოკუმენტების უსაფრთხოების, ტრეფიკიგისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტური იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ინტენსიური შეხვედრები იყო კონსტრუქციული, ნაყოფიერი და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მოეპოვებინათ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მოლდოვამ წარმატებით განვლო ყველა ეტაპი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დასამყარებლად და 2014 წლის 28 აპრილიდან უვიზო რეჟიმით სარგებლობს. შესაბამისად, მოლდოვას გამოცდილების გაზიარება საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციის ურთიერთგაცვლის, რეკომენდაციების მიღებისა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის თვალსაზრისით.
საგარეო უწყების ცნობით, საქართველომ შეასრულა სამოქმედო გეგმის პირველი ფაზით განსაზღვრული ვალდებულებები და ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე უახლოეს პერიოდში ფორმალურად გადაყვანილ იქნება VLAP-ის მეორე ფაზაზე, რაც გულისხმობს საკანონმდებლო ფაზის ფარგლებში მიღებული კანონმდებლობის ეფექტურ იმპლემენტაციას. აღსანიშნავია, რომ მეორე ფაზით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას საქართველო უკვე შეუდგა.