„რუსეთში არ არის არავითარი აგრესიული განწყობები მოძმე უკრაინელი ერის მიმართ, ზუსტად ისევე, როგორც არ არის ანტიუკრაინული პროპაგანდა".- განცხადება ამის შესახებ დუმის თავმჯდომარემ სერგეი ნარიშკინმა უკრაინელ დეპუტატებთან შეხვედრისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, ადრე თუ გვიან რუსეთსა და უკრაინასაც მოუწევთ განხილვა იმისა თუ როგორ შექმნან ყირიმისგან მეგობრობისა და ეკონომიკური ურთიერთქმედების ტერიტორია.
„რა თქმა უნდა, ეს რთული თემაა, მაგრამ ჩვენ ყირიმის პრობლემაზე საუბარი მაინც მოგვიწევს",_ აცხადებს ნარიშკინი და აღნიშნავს: „ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ ეს თემა უკრაინის პოლიტიკური კლასის დღის წესრიგშიც დგას".
რუსული მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნარიშკინმა აღნიშნა, რომ „23 წლის განმავლობაში ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში იმყოფებოდა და რუსული საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი ამას გულგრილად როდი უყურებდა.
„უკვე აღარც ვსაუბრობ ყირიმის მცხოვრებთა განწყობებზე ამ 23 წლის განმავლობაში",_ განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის დუმის სხდომას უკრაინის უმაღლესი რადას 24 დეპუტატი ესწრება.