14 სექტემბერს, 18:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს Fest I Nova 2014-ს გახსნის. ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „არტ-ვილა გარიყულას" ორგანიზებით ეწყობა.
წლევანდელი, მე- 6 ფესტივალის თემა - Opus Mixtum თანამედროვე ხელოვნების უსაზღვრო შესაძლებლობებით არის შთაგონებული. ლათინური ტერმინი ანტიკური ეპოქის არქიტექტურულ ექსპერიმენტებს უკავშირდება და შერეულ ნამუშევარს ნიშნავს, რომელიც სხვადასხვა კონსტრუქციულ ტექნიკას აერთიანებდა.
შერეული ტექნიკა თუ მულტიმედიური ნამუშევარი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი სახასიათო ფორმატია და უფრო გაფართოებულ შინაარსებს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ მასალების, ან ტექნიკური აღჭურვილობის შერევაა.
ექსპოზიცია წარმოადგენს როგორც არქიტექტურულ მოტივებზე აგებულ კონსტრუქცია-სკულპტურებს, ასევე სხვა ტიპის ნამუშევრებსაც - ინსტალაციებს, ვიდეო არტსა და პერფორმანსებს.
სხვადასხვა სახით გამოვლენილი მხატვრული სინთეზი მთავარი კომპონენტია ფესტივალზე წამორმოდგენილი ნამუშევრებისთვის, თუმცა, მონაწილეები არ არიან შეზღუდული რაიმე სახის მკაცრი მოთხოვნებით - მთავარი განმსაზღვრელი თავისუფლების ხარისხი და ნამუშევრით დემონსტრირებული არტისტული ხედვაა.
Opus Mistum არტ-ვილა გარიყულას საექსპოზიციო სივრცეში რამდენიმე ეროვნულ პავილიონს გააერთიანებს; წარმოდგენილი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიისა და საფრანგეთის პავილიონები. ამასთან ერთად, ინსტიტუტ „სტრელკას" (მოსკოვის არქიტექტურისა და დიზაინის ინსტიტუტი) პროექტი. ყველა პავილიონი კონცეპტუალურია და გარიყულაში კონკრეტული ქვეყნის მუდმივი კულტურული სივრცის შექმნას გლისხმობს.
ფესტივალის კურატორია მხატვარი და არტ-ვილა გარიყულას დამფუძნებელი ყარამან ქუთათელაძე. OPUS MIXTUM იდეის ავტორები არიან ყარამან ქუთათელაძე და არტ კრიტიკოსი ხათუნა ხაბულიანი.
პავილიონები, მონაწილე არტისტები
ამერიკელი არქიტექტორის - გრეგ ფლეიშმანის ინოვაციური პავილიონი „ფაზლის" პრინციპით აიგება, ჩაქუჩებისა და ლურსმნების გარეშე, „სტრელკას"დამფუძნებლებმა - არქიტექტორებმა, დიმიტრი ლიკინმა და ოლეგ შაპირომ თავიანთ პროექტში „გარიყულას" არყის სახდელი მინი-ქარხნის ნანგრევები გარდაქმნეს პავილიონად, ამფითეატრად და სუფრის ადგილად; ჰოლანდიელელ არტისტთა ჯგუფმა როტრდამიდან დარბაზის ელემენტები შეიტანა პავილიონის სტრუქტურაში, ფრანგმა ფრანსუა სკალიმ კი - საფრანგეთის სამფეროვანი დროშის სიმბოლიკა.
ქართველი არტისტები:
ლია ბაგრატიონი და Clay Offic კოტე ჯინჭარაძე, თუთუ კილაძე, კოკა რამიშვილი, მანანა არაბული.
ამერიკული პავილიონი - ავტორი - არქიტექტორი გრეგ ფლეიშმანი, კურატორი - ნანა ჩიჩუა. მონაწილეები: ნანა ჩიჩუა, ტრევის უეიდ აივი, ტრისტან დიუკი, გრეგ ფლეიშმანი.
ფრანგული პავილიონი. ავტორი: არქიტექტორი ფრანსუა სკალი,; კურატორი - გელა წულაძე. მონაწილეები - ვენსან სკალი, ფრანსუა სკალი, გელა წულაძე, გიიომ ჟერო.
ჰოლანდიური პავილიონი: ავტორი - არტისტი დირკ ფან ლისჰაუტი. კურატორი - მაია ჩიკვაიძე; მონაწილეები: დირკ ფან ლისჰაუტი, მორის მივაიზი, იოკე ოლტაარი, ანდრე შრეუდერსი, ზაზა მაღალაშვილი.
ინდივიდუალური პროექტები: ჟენევიევ ვან ჰელდენი, ელენ რაიკი. ტიმ ფან დერ მეერი, ნიკი ჰაიზელჰარტი,
პროექტი „სტრელკა": ავტორები - არქიტექტორები ანასტასია რიჩკოვა. ოლეგ შაპირო, დმიტრი ლიკინი, მონაწილეები: ანასტასია რიჩკოვა.
არტისტები რუსეთიდან: კურატორი - გიორგი სიმონიშვილი, არტისტები - პოლინა კალუგინა, მარია ოლეინიკოვა, მინა მილკი, რომა ბეკი.
ლატვიელი არტისტები : კრისტაპს ზელმენისი, ზანე რაუდინა
ფესტივალის მომზადების პროცესში ვოლონტერებად ჩართული არიან თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები:
ნანა მაისურაძე, ავთანდილ ამირანაშვილი, გიორგი ცქვიტინიძე, მიხეილ ალაბრიშვილი, ქეთი შაფათავა, ლაშა ცხოვრებაშვილი, თორნიკე გაბედავა, ანასტასია ვოლობუევა, ანა წოწონავა, მარიამ სულაქველიძე, მარიამ აქუბარდია, ლუკა ჯანხოთელი, რატი კუპატაძე, გაიოზ ჯინჭარაძე, დავით ნარგიზაშვილი და სხვ.
ფესტივალის სპონსორები და პარტნიორები:
მთავარი სპონსორი - საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტრო.
სპონსორები და პარტნიორები - აშშ-ს საელჩო საქართველოში, თი-ბი-სი ბანკი, Artarea TV, ფრანგული ინსტიტუტი, „მულტივერს არქიტექტურა", არქიტექტურული ბიურო WOWHOUS, შპს „მეტეხის კერამიკა", ფინანსური მომსახურება - "ფინანსური ოფისი", ჟურნალი CLOSER, „აჭარაბეთი", „ო მოდა, მოდა".
მედია პარტნიორი - დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინ გამოცემა „ლიბერალი"
არტ-ვილა „გარიყულას" ისტორია
არტ-ვილა შემოქმედებითი ინტერესების ადამიანებისთვის ერთგვარი კულტურული გზაჯვარედინია, სადაც არტისტული ენერგიის აკუმულირება ხდება. გარიყულაში თავს იყრიან ხელოვანები მთელი მსოფლიოდან - იქმნება ერთობლივი პროექტები; იბმება პიროვნული კავშირები.
ბაუჰაუზის პრინციპებზე დაფუძნებული არტ-ცენტრი მოდერნიზმის, კერძოდ თბილისური ავანგარდის გამოცდილებას იყენებს. მისი მიზანი თანამედროვე ხელოვნების მეშვეობით სოციალური ცვლილებების ინიცირება და ახალქალაქის არტ-სოფლად, ფესტივალების ქალაქად გარდაქმნაა.
XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, შიდა ქართლის სოფელი ახალქალაქი შთამბეჭდავი ლანდშაფტითა და ფერთა პალიტრით ქართველ მხატვართა რამდენიმე თაობის შთაგონების წყარო იყო.
საბჭოთა დროს, დიდი მოურავის შთამომავლების „მარშლიაანთ სასახლე" თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა საზაფხულო ბაზად ფუნქციონირებდა და წლების მანძილზე უამრავ მხატვარს უყრიდა თავს. 2000 წლიდან კი მხატვართა კომუნამ მდინარე თეძმის პირას „ბოლგარსკიაანთ სასახლეში" გადაინაცვლა, რომელიც მე19 საუკუნეში, პოლონური წარმოშობის თბილისელმა სამოქალაქო ინჟინრემა, ვასილი ბოლგარსკიმ ააშენა მეუღლისთვის. გასაბჭოების შემდეგ, ბოლგარსკი ხალხის მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს. მისი ერთადერთი შთამომავალი - მხატვარი ვერა ბელეცკაია - თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი თაობის წარმომადგენელი, გასული საუკუნის 80-იან წლებში გარდაიცვალა.
სწორედ მდინარე თეძმის პირას აგებულმა „ბოლგარსკიაანთ სასახლემ" მისცა ინსპირაცია მხატვარ ყარამან ქუთათელაძეს გარიყულაში „ბაუჰაუზის" ტიპის არტისტული გაერთიანების შექმნისთვის.
შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის გახსნილი ფესტივალი „Fest I Nova" „გარიყულას" საერთაშორისო არტ-სივრცეში დასამკვიდრებლად ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი გახდა.
პირველი ფესტივალის მოტო On Ruins of Disillusionment We Fly into the Future - ზუსტად გამოხატავდა ქართული თანამედროვე მხატვრობის წარსულსა და მომავალ მისწრაფებებს.
ფესტივალი ავსტრიული პროექტით ici GARIKULA - თი გაიხსნა, რასაც მოყვა ამერიკული, ჰოლანდიური, ფრანგული და ქართული პრეზენტაციები: კონცეპტუალური არტი და პერფორმანსი, ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ინსტალაცია, ვიდეო - ვიზუალური ხელოვნების ყველა ფორმატი და მედია წარდგა არტ-ვილის სივრცეში - შიგნით და გარეთ, სასახლის კელდლებზე და მინდორში, პავილონად გარდაქმნილ პატარა ქარხნის ნანგრევებში, ძველ მარანში, თუ ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ.
სხვადასხვა წლებში, Fest I Nova - ს მონაწილე სახელოვანი არტისტებისთვის, (ჟან დიუპი, დომინიკ ფიური, გელა წულაძე) რომელთა შემოქმედების პიკი გასული საუკუნის 60, ან 70-იან წლებზე მოდის, გარიყულა დროის კაპსულა აღმოჩნდა. აქ იპოვეს Cool Years პერიოდის ბიტნიკებისა, თუ ჰიპების ცოცხალი სული. იგივე ნონკორფომისტული არტისტული გარემო იზიდავს გარიყულას ფორუმებზე ახალგაზრდა მხატვრებს - ნანუკა ჩიჩუას და მის „DADABIT" ჯგუფს ლოს-ანჟელესიდან, CULBUTO გაერთიანებას კანის „ვილა-არსონიდან".
Fest I Nova-ზე წარმოდგენილი პროექტების უმეტესობა - გელა წულაძის „ყირამალა", ელზა ფანტოცის Perilleusement Votre, თამარ კვესიტაძის მოძრავი სკულპტურა „კაცი და ქალი" მოდერნიზებულ ბათუმში განხორციელდა: ჟან დიუპის "Where" კი, ბათუმის შემდგომ - პარიზში, შარშანდელ FIAC-ზე.
2013 წლის ფესტივალის წინ, არტ-ვილა „გარიყულას" ქარავნით მოადგა მოხეტიალე, პარიზელი ახალგაზრდა წყვილი მონადირე ძაღლის თანხლებით. მონოტონურ ცხოვრებას გამოქცეულები, მომთაბარე ჰიპების მსგავსად თავისუფლებას ეძებდნენ. გარიყულაში მათ სამი თვე დაყვეს. „გარიყულა ფანტასტიური ადგილია! სივრცე, რომელიც პარიზში აღარ გვყოფნიდა, სწორედ აქ ვიპოვეთო",განაცხადეს მხატვრებმა.
არტ-ვილა „გარიყულა", საუკუნის წინანდელი „ფანტასტიური თბილისის" მსგავსად, მართლაც უკიდეგანო სივრცეს ქმნის თავისუფალი არტისტული თვითგამოხატვისთვის - ეს ახალი განზომილება თავისი თემებით, იდეებითა და ფორმებით, ნელნელა ახალი მხატვრული ცნობიერების აქტუალიზებას ახდენს, რასაც „გარიყულას" ეზოში გაფანტული არტეფაქტებიც მოწმობს.