დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, "ღია კარის საათის" ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ეწვია. ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარტიშვილმა მას ამომრჩეველთა სიის ფორმირების პროცედურა გააცნო, რომლის მიხედვით ამომრჩეველთა სია ფორმირდება იმ ამომრჩეველთა მონაცემებით, რომლებიც საქართველოს მოქალაქენი არიან, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფნი. ცესკოს თავმჯდომარემ პარლამენტის წევრს ასევე ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ვერსია გადასცა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ დასმულ სადეპუტატო შეკითხვაზე მოხდა მყისიერი რეაგირება.
"საშუალება მომეცა, შევხვედროდი ცესკოს თავმჯდომარეს და კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები მიმეღო", - მედიასთან საუბარში განაცხადა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "ღია კარის საათი" 5 თებერვლიდან დაიწყო. პროექტის ფორმატში ყველა დაინტერესებულ მოქალაქესა და ორგანიზაციას შეუძლია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 15:00-იდან 16:00 საათამდე ესტუმროს ცესკოს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ცესკოს საქმიანობის შესახებ.