უახლოეს მომავალში საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ინდოეთს ეწვევა. ეს ვიზიტი ვაშაძის მოადგილის, ალექსანდრე ნალბანდოვის ინდოეთში სტუმრობის დროს დაიგეგმა.
29-30 მარტს ინდოეთის დედაქალაქ დელიში იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ნალბანდოვის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ უწყებათა ორმხივრივი კოსულტაციები, რომელთაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ხათუნა სალუქვაძე. მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა ფართო სპექტრი. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში. ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. კერძოდ, უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ინდოეთში. ასევე განიხილება სხვა მაღალი დონის ვიზიტების განხორცილელების შესაძლებლობა.
ინდოეთის მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
ვიზიტის დროს ხელი მოეწერა სამ სამთავრობათაშორისო შეთანხმებას - სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის საკითხებზე მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ; მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ; კულტურის განათლების, მეცნიერების, სპორტისა ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ქართული მხრიდან შეთანხმებებს ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა, ხოლო ინდოეთის მხრიდან - შესაბამისი უწყებების მაღალი დონის ოფიციალურმა პირებმა.
ასევე შედგა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა მდივანს (მინისტრის მოადგილე) ლათა რედის შორის, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინდოეთ-საქართველოს ორმხრივ კონსულტაციებს რეგულარული ხასიათი მიეცემა.