„საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან და ნატოსთან კიდევ იმითაა გართულებული, რომ რუსეთს შეუძლია თბილისზე ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლა განახორციელოს"
ფრანგულ გამოცემა „ატლანტიკოსთან" ინტერვიუში სორბონისა და ტამპერეს უნივერსიტეტების მეცნიერ-თანამშრომელი მიხაელ ლამბერი საუბრობს უკრაინის კონფლიქტში დასავლეთისა და რუსეთის როლზე. იგი კომენტარს უკეთებს აგრეთვე საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსს და ევროპულ გზაზე თბილისის წინაშე მდგარ პრობლემებს ასახელებს.
"ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ ამონარიდს:
„სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში შიდა უთანხმოებათა გამო ძალიან რთულია. ამ რეგიონში სამი არაღიარებული სახელმწიფო წარმონაქმნი არსებობს: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბაღი. სამივე კონფლიქტური ზონის არსებობა რუსეთთან ადგილობრივი სახელმწიფოების რთულ ურთიერთობას უკავშირდება. 2008 წელს რუსეთთან მომხდარი პირდაპირი კონფლიქტის გამო საქართველომ თავისი ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ფაქტიურად დაკარგა და იძულებული გახდა დევნილების განსახლებით დაკავებულიყო (მათ შეიძლება ლტოლვილები ვუწოდოთ, თუ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვიგულისხმებთ).
ომით მიყენებული ჭრილობები დღემდე არ მოშუშებულა და, შესაბამისად, რუსეთისადმი წყენა დიდია. საქართველოს საუბედუროდ, ევროკავშირი მისთვის ჯერ კიდევ შორს მდებარეობს, ქართველების პროევროპული ორიენტაცია მასში გასაწევრიანებლად საკმარისი არ არის, რადგან მრავალი კრიტერიუმია შესასრულებელი. ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ სადღაც 2025 წლამდე თუ მოხერხდება. გარდა ამისა, უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს არაღიარებული სახელმწიფოების პრობლემის გადაწყვეტაც მოუწევს: ქართული დიპლომატია მიიჩნევს, რომ ეს ტერიტორიები კვლავ მის კონტროლქვეშ [კვლავ საქართველოს შემადგენლობაში] რჩებიან, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან და ნატოსთან კიდევ იმითაა გართულებული, რომ რუსეთს შეუძლია თბილისზე ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლა განახორციელოს. საქართველოს მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩება - ლოდინი მანამდე, სანამ ევროკავშირი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კიშინიოვისა და კიევის შემდეგ თბილისისთვისაც მოიცლის და დაინტერესდება".
მასალის გამოყენების პირობები