30 მაისის ღამეს დრონებმა რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგის საპორტო ინფრასტრუქტურას შეუტიეს, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა ტანკერსა და საწვავის რეზერვუარს. ასევე, შეტევის სამიზნე გახდა ნავთობბაზა კრასნოდარის მხარეში.
მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ტაგანროგის სხვადასხვა რაიონში ისმოდა. ადგილობრივი მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ისმოდა დრონების ფრენის ხმა და აფეთქებები პორტისა და საავიაციო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოგვიანებით შეტევა დაადასტურა როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა. მისი განცხადებით, „პორტის ტერიტორიაზე ცეცხლი გაუჩნდა ტანკერს, საწვავის რეზერვუარსა და ადმინისტრაციულ შენობას“. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სლიუსარის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები დრონებს იგერიებდნენ არა მხოლოდ ტაგანროგში, არამედ ჩერტკოვოს, მატვეევო-კურგანისა და ნეკლინოვოს რაიონებშიც.
იმავე ღამეს შეტევა განხორციელდა ასევე რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირში მდებარე ნავთობბაზაზე.
ამ ობიექტზე მიყენებული ზიანის მასშტაბები ამ დროისთვის უცნობია.