საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი. იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრ კურცს თან ახლავს ავსტრიელ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი ჯგუფი, ისინი მონაწილეობას მიიღებენ საქართველო-ავსტრიის ეკონომიკურ ფორუმში.
ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც 10 სექტემბერს გაიმართება გახსნიან ავსტრიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები. ვიზიტის ფარგლებში სებასტიან კურცი გაეცნობა ავსტრიის მთავრობის მიერ დაფინანასებულ პროექტებს და მოინახულებს გუდაურის ჰიდრო ელექტრო სადგურს.
სებასტიან კურცის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და ავსტრიას შორის სხვადასხვა სფეროში ჩამოყალიბებული მჭიდრო ურთიერთობების კონტექსტში. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა მიმდინარე ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში ავსტრიის მხრიდან შესაძლო დახმარების საკითხებს.