საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აპრილის ბოლოს ბუქარესტში გაემგზავრება.
ქვეყნის პირველი პირის რუმინეთში ვიზიტის დეტალებზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ და თბილისში ვიზიტით მყოფმა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტეოდორ ბაკონსკიმ დღეს, სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
გარდა ამისა, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს რუმინელმა სტუმარმა განუცხადა, საუბარი ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
ბარამიძის განცხადებით, საქართველოსთვის რუმინეთთან, როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან, თანამშრომლობა და მეგობრობა მნიშვნელოვანია.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი მეგობრის ყოლა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას მხარს უჭერს", - განმარტა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში დღეს, გამთენიისას ჩამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები