"ეროვნული საბჭოს" ლიდერები საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 71 წლის იუბილეს ზუგდიდში აღნიშნავენ და რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით მიტინგს გამართავენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონული ორგანიზაციიდან აცნობეს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლოთი ქობოლიას განმარტებით, ღონისძიების ჩასატარებლად რაიონულმა ორგანიზაციამ, კანონით დადგენილი წესით, წერილობით მიმართა ზუგდიდის გამგეობას, რაზედაც ჯერ სიტყვიერი თანხმობა განაცხადეს, ხოლო შემდეგ ზუგდიდის გამგეობიდან მიტინგის ჩატარებაზე უარი თქვეს.
მისი მტკიცებით, ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და კუდ-ის უფროსი დათა ახალაია ავიდნენ.
"ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ხელი არ შეუშალოს "ეროვნულ საბჭოს" მიტინგის ჩატარებაში, რამეთუ ღონისძიება მაინც ჩატარდება ხალხის მოთხოვნით", - აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები