აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა კვირას, ქართველ ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას უსაფრთხოების განმტკიცებაში დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ნათქვამია „უოლ სთრით ჯორნელში" გამოქვეყნებულ სტატიაში.
"აღსანიშნავია, რომ ბატონი ჩაკ ჰეიგელი პირველი ამერიკელი თავდაცვის მინისტრია, რომელიც საქართველოს ბოლო ათი წლის განმავლობაში ეწვია. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ აშშ-ისა და ევროპელ მოკავშირეებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო განამტკიცა. მინისტრმა პარალელები გაავლო უკრაინასა და საქართველოს შორის: „რუსეთის მოქმედება საქართველოში და უკრაინაში გრძელვადიანი გამოწვევაა, რომელსაც შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულ ყურადღებას აქცევს", - განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დროს, - პრეზიდენტ [ვლადიმერ პუტინის] მოქმედებამ ამერიკა და მისი ევროპელი მოკავშირეები, საქართველოს ჩათვლით, ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოვა".
ბატონ ჩაკ ჰეიგელს არ განუმარტავს, თუ რაში იქნება გამოხატული აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარების სპეციფიკა.
საქართველო თვალს ადევნებს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს რუსეთი და საქართველო ერთმანეთს სადაო ტერიტორიისათვის ებრძოდნენ და ეს ომი თბილისის მთავრობისათვის მიწების დაკარგვით დასრულდა.
როგორც ბატონმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, საქართველოში რუსეთთან ომით მიღებული მწარე გამოცდილება და უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ავბედითი ზრახვები მთელი მსოფლიოსათვის გაფრთხილება უნდა იყოს", - ნათქვამია სტატიაში.