ნატო აღიარებს საქართველოს განსაკუთრებულ მცდელობას გააძლიეროს ქვეყნის შიგნით დემოკრატიული პროცესები და უზრუნველყოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია. ასევე მივესალმებით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას 2012-2013 წლების საპარლამეტო და საპრეზიდენტო არჩევნების გზით. ჩვენ დახმარებას ვუწევთ საქართველოს გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, მართლმსაჯულების რეფორმირება და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. ნატო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მიერ ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში შეტანილ უზარმაზარ წვლილს და აღიარებს ქართველი სამხედროების მიერ გაღებულ მსხვერპლს. საქართველოს მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ნატოს გადამწყვეტ მისიაში, მიუთეთებს საქართველოს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორის როლს. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აღნიშნულ და შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებებს. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატოს ამბიციური რეფორმების განხორციელებით, ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტური მუშაობის ხელშეწყობითა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა საჭირო ელემენტს, რათა ქვეყანამ გააგრძელოს სვლა ნატოში ინტეგრაცისკენ. დღეს, ჩვენ მივიღეთ ალიანსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, შეიარაღებული ძალების მომზადებას, ურთიერთთავსებადობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალსწინებს. აღნიშნული პაკეტი დაეხმარება საქართველოს კიდევ უფრო უკეთესად მოემზადოს ალიანსში გასაწევრიანებლად.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ალიანსი მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მივესალმებით საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პუნქტების სრულ დაცვას და საქართველოსადმი ნდობის აღდგენის მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს. მივესალმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს ჯარი. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა მხარეს კონსტრუქციული როლი შეასრულოს და გააგრძელოს მჭიდრო მუშაობა ეუთოსთან, გაეროსთან და ევროკავშირთან, რათა ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში მშვიდობიანი გზით განხორციელედეს.