საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია “იკაოს’ საბჭოში უჩივლებს. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერტობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი გივიაშვილმა გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, ქართულ მხარეს ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა რუსეთის მიერ აფხაზეთთან საჰაერო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ დადებული ხელშეკრულება და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
ამასთან, როგორც ირაკლი გივიაშვილმა აღინშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით 22 აპრილს საქართველოს ელჩი აშშ-სა და კანადაში ბათუ ქუთელია იკაოს საბჭოს პრეზიდენტს და მის გენერალურ მდივანს შეხვდება.
როგორც გივიაშვილი აღნიშნავს, “რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს საერთაშორისო ფრენებთან დაკავშირებით ჩიკაგოს საერთაშორისო კონვენციის დარღვევის ფაქტს, რაც იკაოს საბჭოს მიერ განხილვის ობიექტი უნდა გახდეს”.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჩიკაგოს კონვენციის დარღვევა იკაოს ასამბლეაში დამრღვევი ქვეყნისთვის ხმის უფლების სეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს, თუმცა ირაკლი გივიაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ “ეს საკმაოდ რთული პროცედურა იქნება, ვინაიდან რუსეთი ასამბლეის წევრ ცალკეულ ქვეყნებზე საკუთარი პოლიტიკური გავლენის გამოყენებას აუცილებლად შეეცდება”.
ამ დაბრკოლებების მიუხედავად, ირაკლი გივიაშვილის თქმით, ქართულ მხარეს გადაწყვეტილი აქვს იკაოს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საერთაშორისო მართლმსაჯულებაში გასაჩივრებისა და შესაბამისი არბიტრაჟისათვის მიმართვის შესაძლებლობის გამოყენებაც.
მასალის გამოყენების პირობები