ევროპარლამენტი საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მიმდინარე წლის ბოლომდე მოახდენს. აღნიშნული გზავნილი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის და ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე გაჟღერდა.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტად მყოფი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ევროპარლამენტში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს და წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრებზე ძირითადი ყურადღება ევროპაში მიმდინარე უსაფრთხოების პრობლემატიკაზე, უკრაინის კრიზისსა და ევროკავშირ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე გამახვილდა. აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერება და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის გამყარება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართ. შეხვედრებზე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, ვიქტორ დოლიძემ ევროპის ქვეყნების პარლამენტების მიერ ასოცირების ხელშეკრულების დროულად რატიფიცირებაზეც ისაუბრა, რასაც ევროპელი კოლეგების მხრიდან მხარდაჭერა მოჰყვა. დღესვე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელს, ანდრეის მამიკინს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შესახებ მოსამზადებელ რეზოლუციაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ევროპარლამენტარი მომავალ კვირას ეწვევა საქართველოს და თბილისში რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.
ბრიუსელში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ხვალ დღის ბოლოს დასრულდება, მანამდე კი კომიტეტის თავმჯდომარე ევროპელ კოლეგებთან სამ შეხვედრას გამართავს.