დღეს, სახალხო დამცველის აპარატში, საზოგადოებრივმა მოძრაობამ "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" 50 კაციანი "უკანონო პატიმრების" სია წარდგინა. დღეს, გამართულ ბრიფინგს ეკა ბესელიასთან ერთად, პოლიტოლოგები სოსო ცისკარიშვილი და ირაკლი სესიაშვილი, ასევე მოძრაობა "7 ნოემებერის" წევრები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი ესწრებოდნენ.
ეკა ბესელიას განცხადებით, საზოგადოებრივმა მოძრაობამ უაკანონო პატიმრების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაასრულა. მისი თქმით, რეგისტრაცია მიმდინარეობდა, როგორც ინტერნეტით ასევე წერილობით და სხვა საშუალებებით. ბესელიას განცხადებით, იმ სიაში შემავალი პატიმრები, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, თავად მიიჩნევენ, რომ პატიმრობაში უკანონოდ იმყოფებიან.
ბესელიამ კონკრეტულ შემთხვევებზე ისაუბრა დააღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანის ბრალდება სრულიად აბსურდული და არალოგიკურია.
"მაგალითად, ერთ-ერთ პატიმარს სასამართლომ 23 წელი პატიმრობა მიუსაჯა 40 კ.გ ფქვილის, 20 ლიტრი არაყის და 40 ლიტრი ღვინის მითვისებისათვის. თავადც ხედავთ როგორი აბსურდული განაჩენია. ასევე იოსებ თედიაშვილი, რომელიც გაზაფხულზე ოპოზიციის მიტინგების დროს დააკავეს და 9 წელი მიუსაჯეს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისათვის. ეს პიროვნება ციხეში გარდაიცვალა", - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას განცხადებით, ძალიან მალე საზოგადოებრივი მოძრაობა ახალ უკანონო პატიმართა სიას გამოაქვეყნებს. მისი თქმით, ეს სიები და მისი დამატებითი დეტალები გადეგზავნება უზენაეს სასამართლოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
"ის ადამიანები, რომლებიც ამ სიებში არიან რეგისტრირებულები იმას მაინც იმსახურებენ, რომ მათი საქმე გადაიხედოს და ამისთვის უზენაესმა სასამართლომ ყველაფერი უნდა გააკეთოს", - აღნიშნა ბესელიამ.
ბესელიამ მოძრაობის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღდგომის შემდეგ ახლადდაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობა რეგიონებში ფილიალების გახსნას და გაფართოებას გეგმავს.
ბოლოსკენ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ყოფილმა წევრმა, საზოგადოებას მოუწოდა არ შეეგუოს და ყური არ მიაჩვიოს მსგავს უსამართლობებს. მისი თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ შემთხვევაში ეს ბრძოლა შედეგს მოიტანს.