ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში , ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" 21 სექტემბერს გაიხსნება.
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და აერთიანებს კლასიკური მუსიკის, ფოლკლორისა და ჯაზის კონცერტებს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის კლასიკური ნაწილი ყოველთვის გამოირჩევა სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მუსიკალური შედევრების სიმრავლით.
ფესტივალის ფარგლბში კონცერტებს გამართავს: თბილისის სიმფონიური ორკესტრი , იარონ გოტფრიდის ჯაზ-ტრიო (ისრაელი), სოლისტები: იარონ გოტფრიდი (ფორტეპიანო) იორაი ორანი (კონტრაბასი). რონი ჰოლანი (დასარტყამი ინსტრუმენტები), დირიჟორი _ ვახტანგ კახიძე. საქართველოსა და ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრები.
ასევე წარმოდგენილი იქნება: კამერული მუსიკის კონცერტი , თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა". ფოლკლორული მუსიკის კონცერტი- ანსამბლი „რუსთავი";არჩილ კერესელიძის მუსიკის საღამო- თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი _ დავით გველესიანი (ვოკალი),დირიჟორი _ ვახტანგ კახიძე. თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის „ბიგ-ბენდი", დირიჟორი- გივი გაჩეჩილაძე.
ფესტივალი „შემოდგომის თბილისი" 1993 წელს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა.
ფესტივალი „შემოდგომის თბილისი" 18 ოქტომბერს დაიხურება.