1-2 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი კატია ბიონე ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან. უცხოელი სტუმრები ქართველ გამომცემლებს, ჟურნალისტებს, აგრეთვე, სახელოვნებო დარგებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიას განიხილავენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის ხელშეკრულება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2014 წლის 27 თებერვალს, ბერლინში გაფორმდა. ეს თანამშრომლობა საქართველოს საშუალებას აძლევს, მთელი წლის განმავლობაში თავისი მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ინტელექტუალური მემკვიდრეობა მსოფლიოს გააცნოს.