ბერლინში ქართული კულტურის დღეები გრძელდება. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში, ქართული დღეების ფარგლებში, გაიმართა სიმონ გროსისა და ნანა ექვთიმიშვილის ფილმის „გრძელი ნათელი დღეები" ჩვენება, 28 აგვისტოს კი ფოლკლორულ ანსამბლ "სულიკოს" კონცერტი.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მოწვეული სტუმრები აქტიურად იყვნენ ჩართული. დისკუსიას ბერლინში მოღვაწე ქართველი ფილოლოგი, ზაალ ანდრონიკაშვილი და გერმანიაში საქართველოს კულტურის ატაშე დუდუანა მაზმანიშვილი უძღვებოდნენ. დისკუსიის მსვლელობისას ფილმში წარმოდგენილ უამრავ საინტერესო ასპექტსა თუ თემაზე გამახვილდა ყურადღება. სტუმრებმა ისაუბრეს 90-იანი წლების საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე.
28 აგვისტოს კი ფოლკლორულ ანსამბლ სულიკოს კონცერტი გაიმართა. ქართული პოლიფონიური მუსიკისადმი მიძღვნილი საღამოზე შეკრებილ ასეულობით ადამიანს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ.
ანსამბლ "სულიკოს" კონცერტი საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია ბაგრატიონის მხარდაჭერით გაიმართა.
საღამოზე წარმოდგენილი იქნა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ორი ქართული ძეგლი - ქართული პოლიფონიური სიმღერა და ღვინის დამზადების უნიკალური მეთოდისათვის საჭირო თიხის ტრადიციული ჭურჭელი - ქვევრი.
ქართული პოლიფონიის შესახებ სტუმრებს ესაუბრა მუსიკათმცოდნე ქალბატონი სუზანე ციგლერი.
ქართულ მუსიკასთან ერთად, საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ეროვნული მუზეუმის მიერ მიწოდებულ ვერცხლისა და კერამიკულ ნაკეთობებსა და დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებზე მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში აღბეჭდილ, ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს, ასევე როგორც ბერლინში მოღვაწე მოქანდაკე ბესიკ მაზიაშვილის მიერ სპეციალურად მუზეუმისთვის ქართული ტრადიციული მეთოდების დაცვით შექმნილ ქვევრებს, ურემს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს.
ბერლინში საქართველოს კულტურის დღეები 31 ივლისს გაიხსნა.