1-2 სექტემბერს, საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში _ საქართველოს მაგალითი" გაიმართება. კონფერენცია სასტუმრო „ქორთიათ მარიოტში" სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC ) ორგანიზებით გაიმართება და მისი მხარდამჭერები არიან აშშ საელჩო, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი.
კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარლამენტის, მთავრობის, დღევანდელი და ყოფილი ხელისუფლების, სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა ფორუმის წარმომადგენლები (შემდეგი ქვეყნებიდან - უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბელორუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, ეგვიპტე, უზბეკეთი სერბეთი, რუსეთი და ა.შ.), საქართველოსა და მსოფლიოს უნივერსიტეტების პროფესორები.
საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი არის სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ქსელის წევრთა გაერთიანება. მასში შედიან ლიდერები მსოფლიოს ყველა რეგიონიდან და ყველა სფეროდან, რომელთაც აქვთ მათ ქვეყნებში დემოკრატიზაციის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის მოღვაწეობის გამოცდილება.
ფორუმის წევრები ყოველწლიურად იკრიბებიან, რათა განიხილონ მსოფლიოს წინაშე არსებული დემოკრატიული გამოწვევები და გაიზიარონ გამოცდილება. 2013 წელს შეხვედრა გაიმართა კიევში.
2014 წლისთვის შეხვედრის ადგილად შერჩეულია თბილისი - სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლების (ლარი დაიმონდი, ფრენსის ფუკუიამა, კატერინა ტონერი) აზრით, საქართველო საინტერესოა მსოფლიოსთვის და სტენფორდის ლიდერთა ფორუმისთვის, როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცეში დემოკრატიის მშენებლობის მაგალითი.
სტენფორდის ლიდერთა ფორუმის 2014 წლის შეხვედრაზე თბილისში განიხილება საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილება, მიღწევები და შეცდომები, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობის გზაზე იქნა დაშვებული.