დღეს, 27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 169-ე წლისთავი აღინიშნება. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახური მრავალფეროვანი ღონისძიებების გამართვას გეგმავს.
ვარიანის ცენტრში მოსწავლები მოაწყობენ შემოდგომის კუთხეს, სადაც სტუმრებისთვის წარმოდგენილი იქნება სოფლის ნობათი, ყურძნის დაწურვა და სხვა სანახაობები. ვარიანის ეკლესიაში გაიმართება იაკობ გოგებაშვილის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, იგალობებენ "ფოლკლორის სარდაფის" აღსაზრდელები. პარაკლისის შემდეგ გორსა და გორის რაიონში ჩასახლებულ დევნილ პირველკლასელებს აკურთხებენ.
იაკობობასთან დაკავშირებით, იაკობ გოგებასვილის სახლ-მუზეუმი ექსპოზიციის დათვალიერების მსურველებს უმასპინძლებს. საგანგებოდ მოწყობილ გასაბერ მოედანზე გაიმართება მინიფეხბურთი მოხალისე პატარებს შორის.
ვარიანის საჯარო სკოლაშ საგანგებოდ ამ დღისათვის მომზადებული ინსცენირებით სკოლის მოსწავლეები სახელოვანი თანასოფლელის მოთხრობების გმირებს გააცოცხლებენ.
დღის ბოლოს ვარიანის ცენტრში გაიმართება გალაკონცერტი სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური ანსამბლ "გორის", ფოლკლორის სარდაფის ბავშვთა გუნდის, ანსამბლ "აი იასა" და გორის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელთა მონაწილეობით.