კომპანია "აბლაბუდა ფილმის" ორგანიზებით, 17-21 სექტემბერს ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება კანის ფესტივალის სექციის -კრიტიკოსთა კვირეულის სპეციალური ფილმების ჩვენება.
პროგრამის ორგანიზება ხორციელდება საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ჩვენებების მიზანია, მსოფლიო თანამედროვე ფილმების და ტალანტების გაცნობა ქართველი მაყურებლისთვის. ასევე, ალტერნატიული ფილმების ჩვენების კულტურის დანერგვა და მათდამი ინტერესის გაძლიერება.
ოთხი დღის მანძილზე, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ თანამედროვე ფილმები, რომელთა ავტორები კანის ფესტივალის კრიტიკოსებმა ახალ ტალანტებად აღიარეს. ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში 2013-14 წლებში კანში ნომინირებული ხუთი საუკეთესო ფილმი იქნება წარმოდგენილი.
კვირეულს დაესწრებიან კრიტიკოსთა კვირეულის სამხატვრო დირექტორი - ჩარლზ ტესონი, საფრანგეთის აუდიოვიზუალური ატაშე ფანი ობერი და რამდენიმე ფილმის რეჟისორი.
კრიტიკოსთა კვირეული წელს 54-ედ გაიმართა კანის კინოფესტივალის ფარგლებში და მისი მთავარი მიზანია ახალი ტალანტების ძიება და მათი სამომავლო მხარდაჭერა. ეს სექცია კანის კინოფესტივალს 1961 წელს საფრანგეთის კრიტიკოსთა ასოციაციის ინიციატივით დაემატა. სწორედ კრიტიკოსთა კვირეულმა შეუწყო ხელი შემდგომში საქვეყნოდ ცნობილი რეჟისორების აღმოჩენას, მაგალითად: ბერნარდო ბერტოლუჩი, კენ ლოუჩი, ოთარ იოსელიანი, ლეო კარაქსი, თემურ ბაბლუანი, ფრანსუა ოზონი, ჟული ბერტუჩელი და სხვები.
ყოველწლიურად, კრიტიკოსთა კვირეულის ფილმების ჩვენების სურვილს მრავალი ქვეყანა გამოთქვამს, საქართველო კრიტიკოსთა კვირეულს წელს მეორედ უმასპინძლებს. ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით პირველად ასეთი პროგრამა თბილისში შედგა, 2012 წლის შემოდგომაზე.
ბათუმში წარმოდგენილი ყველა ფილმი გამოირჩევა წარმატებული საფესტივალო ისტორიით, ეს წარმატება კი კრიტიკოსთა კვირეულზე მონაწილეობით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები