საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყნისთვის კი, კვლავ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, დღეს დამტკიცდა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. აღნიშნული ქვეყნების რაოდენობა 94-ს შეადგენს. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე კი, უვიზო რეჟიმით 118 ქვეყანა სარგებლობდა. იმ 94 ქვეყანას შორის, რომლებიც უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ, ტაბატაძის ინფორმაციით, არიან NATO-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აგრეთვე მეზობელი ქვეყნები, საიდანაც ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის. სიას საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს გამოაქვეყნებს.
ამასთან, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, ქვეყანაში დარჩენა 90 დღით შეეძლებათ, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 360 დღისა.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება. ცვლილებების მიღებამდე, 118 სახელმწიფოს მოქალაქეებს საქართველოში 360 დღით უვიზოდ ყოფნა შეეძლოთ.
აქამდე არსებული კანონის თანახმად, ქართული ვიზების აღება შესაძლებელი იყო ქვეყანაში შემოსვლისას - საზღვარზე, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. ახლა კი, ვიზების აღება მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იქნება შესაძლებელი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზა მხოლოდ "განსაკუთრებულ შემთხვევებში" გაიცემა, რასაც მთავრობა დაადგენს.
მასალის გამოყენების პირობები