26 აგვისტოს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში სარაევოს საიუბილეო, რიგით მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი ხელოვანების გამარჯვებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოეწყობა. პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, ფესტივალის გამარჯვებულები: ნანა ექვთიმიშვილი, მარი კიტია, თინათინ ყაჯრიშვილი და ფონდ „ევრიმაჟის" საქართველოს წარმომადგენელი თამარ ტატიშვილი.
სარაევოს საიუბილეო საერთაშორისო კინოფესტივალზე „ევრიმაჟის" კოპროდუქციის განვითარების ჯილდო გადაეცა რეჟისორების - ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის პროექტს - „ ჩემი ბედნიერი ოჯახი" ( ჯილდო 30 000 ევრო); თინათინ ყაჯრიშვილის ფილმში „პატარძლები" შესრულებული როლისთვის „საუკეთესო ქალი მსახიობის" ნომინაციაში გამარჯვებული გახდა მარი კიტია; რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმმა - „პატარძლები" კი ჟიურის სპეციალური პრიზი - Heartofsarajevo აიღო.
ფესტივალის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნა ორი ქართული ფილმი: ლაშა ცქვიტინიძის - „მე ვარ ბესო" (მსოფლიო პრემიერა) და თინათინ ყაჯრიშვილის - „პატარძლები".
სარაევოს კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პლატფორმაა, რომელიც უცხოური ფილმებისა და საერთაშორისო სტუმრების სიმრავლით გამოირჩევა.
ეროვნულ კინოცენტრსა და სარაევოს კინოფესტივალს შორის თანამშრომლობა 2011 წლიდან დაიწყო. 2012 წლიდან კინოფეტივალის ნებისმიერ საკონკურსო და ინდუსტრიულ პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს წარმომადგენლებისთვისაც შესაძლებელი გახდა. სარაევოს საიუბილეო კინოფესტივალზე საქართველო წელს უკვე მეოთხედ წარსდგა.