რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში დღეს დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა: 60კგ-მდე წონაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილი მესამე ადგილზე გავიდა!
ქართველმა ძიუდოისტმა, რომელმაც წლეულს ევროპის ჩემპიონატზე II ადგილი დაიკავა, ბრინჯაოს მედლამდე 5 ორთაბრძოლა ჩაატარა: 1/32 ფინალში ის თავისუფალი იყო და ასპარეზობა 1/16-ფინალიდან დაიწყო, სადაც ჰოლანდიელ იეროენ მოორენს სძლია. შემდეგ წრეში პაპინაშვილმა გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელს ეშლი მაკენზის აჯობა, 1/4-ფინალში კი ფრანგი სოფიან მილუ დაამარცხა.
1/2-ფინალში ქართველის მეტოქე მონღოლი ბოლდბაატარ განბატი გახლდათ. მსოფლიოს მომავალმა ჩემპიონმა ქართველს გაფრთხილებით აჯობა - 2 3-ის წილ. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პაპინაშვილმა ისრაელის ნაკრების ლიდერს არტიომ არშანსკს მოუგო.
ქართველი ძიუდოისტისთვის ეს პირველი მედალია მსოფლიო ჩემპიონატებზე.