23 აგვისტოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს ეწვივნენ.
მინისტრს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურიშვლმა და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელმა უმასპინძლეს. მიხეილ გიორგაძემ თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობას.
კულტურის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ასევე მოინახულეს რესტავრირებული რამდენიმე დარბაზი, მათ შორის ჯანო კახიძის სახელობის სარეპეტიციო სივრცე. ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, ყველა დარბაზი აღჭურვილია შესაბამისი მაღალი ხარისხის ტექნიკით. დავით კინწურაშვილმა სტუმრებს გარემონტებული საბალეტო საორკესტრო და საგუნდო სიმღერის სარეპეტიციო დარბაზებიც დაათვალიერებინა.
გარდა ამისა, ოპერისა და ბალეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კულტურის მინისტრს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემაც გააცნეს. მიხეილ გიორგაძის თქმით, მათ მოსაგვარებლად აუცილებელია, ოპერისა და ბალეტის თეატრმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთობლივად იმუშაონ.
მასალის გამოყენების პირობები