დღეს, 27 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ბრიტანეთის საბჭო აწყობს ერთდდღიან კონფერენციას დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ კავკასიას შორის კულტურულ ურთიერთობების საკითხებზე. კონფერენციას გახსნის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.
ბრიტანეთის საბჭოს სტრატეგიის დეპარტამენტის უფროსი, კატერინ ფიშერი და ქაუნტერპოინტისა და ბრიტანეთის საბჭოს ნოვატორ-მოაზროვნეთა ხელმძღვანელი სარა ევანსი ისაუბრებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კულტურული თანამშრომლობის გაფართოების ახალ ასპექტებზე. კონფერენციის საპატიო სტუმარია მაიკლ ბერდი - ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში.
"ამ ღონისძიებით ბრიტანეთის საბჭოს სურს, თვალსაჩინო გახადოს დიდ ბრიტანეთისა და სამხრეთ კავკასიის კულტურული ურთიერთობები. კონფერენციაზე მოწვეული სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ლიდერები ფართო პერსპექტივაში განიხილავენ რეალურ შესაძლებლობებს, შეეცდებიან გადაიხედოს სათანადო საკანონმდებლო გარემო, დაფინანსების წყაროები, წარმატების კრიტერიუმები", _ განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ბრიტანეთის საბჭოში.
აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან შეკრებილი კულტურული სფეროს ლიდერები, იმ ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ სპეციალური ზეგავლენა და შესაძლებლობა კულტურული ურთიერთობების განვითარებისა, სტიპენდიანტები, მთავრობის ხელმძღვანელი პირები და კულტურული სფეროს პრაქტრიკოსები იმსჯელებენ კულტურული ურთიერთობის ახალი რუკის შექმნაზე, რაც ახალი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.