ბერლინის ევროპული კულტურის მუზეუმში, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე - „ახალგაზრდები და ისტორია სამხრეთ კავკასიაში". დისკუსიაში, რომელიც საქართველოს საელჩოსა და გერმანული კულტურული ფორუმის „აღმოსავლეთის ევროპა" ორგანიზებით ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში, ლადო ჭანტურიამ, საქართველოს ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, არჩილ აბაშიძემ, ასევე ფრიდრიხ ებერტის სახელობის ფონდის პროგრამების კოორდინატორმა ერევანში, ლიანა ბადალიანმა და ჰუმბოლტის უნივერსიტეტის პროფესორმა, ევა-მარია აუხმა. საღამოს უძღვებოდა ქალბატონი ჰაიკე ფარუნი.
დისკუსიის დროს განხილული იქნა სამხრეთ კავკასიის რეგიონი ქვეყნების - საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკური, კულტურული მახასიათებლები, ამ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები. ასევე იმსჯელეს ამ ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალურ-კულტურულ მახასიათებლებზე, მათ წინაშე არსებულ პერსპექტივებზე, განათლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. საუბარი შეეხო კონფლიქტური ზონებს და მასთან თანამდევ სოციალური ხასიათის პრობლემებს.
საღამოს ესწრებოდნენ როგორც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, ასევე სამივე ქვეყნის დიასპორის წარმომადგენლები. მოწვეულმა სტუმრებმა დისკუსიის მსვლელობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი საღამოები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული პრობლემების გადაჭრას და რეგიონის სამი მეზობელი ქვეყნის მეტად დაახლოებას.
საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში, ბერლინის ევროპული კულტურის მუზეუმში, რუსუდან გორგილაძის წიგნის -„კერძთაყვანისცემა" საჯარო კითხვა გაიმართა. აღნიშნული წიგნი ითარგმნა და გამოიცა ინგლისურ ენაზეც, უახლოეს მომავალში იგეგემება წიგნის გერმანულ ენაზე გამოცემაც. წიგნის პრეზენტაციაზე მოსულ საზოგადოებას, ავტორმა ქართული სამზარეულოს თავისებურებანი და ქართული ტრადიციული კერძების განვითარების ისტორია გააცნო. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ პირადად დაეგემოვნებინათ მრავალფეროვანი ქართული კერძები და ქართული ღვინო.