თბილისში საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაცია დაფუძნდა. საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ჰენრი კუპრაშვილი.
როგორც ჰენრი კუპრაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობა, ახლად დაარსებული ფედერაცია უახლოეს შეჯიბრს "თავისუფალ კოლხურში" (ლაზურში) 25 მაისს თბილისის მერიის პრიზზე ჩაატარებს.
კუპრაშვილის განცხადებით, ტრადიციული ცურვის სახეობებისგან სრულიად გამოირჩეულია თავისთავადობით და უნიკალურობით კოლხურ-იბერიული სტილი, (ქართული ცურვის სახეობების ის კომპლექსი, რომელიც ჰენრი კუპრაშვილმა გააცოცხლა) : "თავისუფალი კოლხური" (ლაზური) და "ოკრიბულა", (სპორტული სტილები), "ხელფეხშეკრული კოლხური" (სამხედრო-საწვრთნელი სტილი); "აფხაზური", "იბერიული", "ქიზიყური", "ხაშურული", "თახვია", (სავარჯიშო-საწრთვნელი ყაიდები).
მისი თქმით, ფედერაციის მიზანი იქნება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ (ლაზეთი, ფერეიდანი, საინგილო და სხვ.) ცურვისა და სხვა საწყალოსნო ეროვნულ სახეობათა და თამაშობათა გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, აღდგენა, მათი დაცვა და პოპულარიზაცია ცურვის ქართული სახეობების (კოლხურ-იბერიული სტილის ჯგუფი - "თავისუფალი კოლხური" ანუ "ლაზური", "ოკრიბულა", "ხელფეხშეკრული კოლხური", "აფხაზური", "იბერიული", "ქიზიყური", "ხაშურული", "თახვია") და საწყალოსნო თამაშობათა (წყალრკინება-მენჩურუა და სხვ.) შემსწავლელი ჯგუფების ამოქმედება; თავისუფალი კოლხურისა (ლაზურისა) და ოკრიბულასთვის სპორტის, ბიომექანიკისა და ჰიდროდინამიკის თეორიის ზოგადი კანონზომიერებების შესაბამისად სპორტული ცურვის ტექნიკის დამუშავება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე; თავისუფალი კოლხურისა (ლაზურისა) და ოკრიბულას, აგრეთვე მენჩურუას (წყალრკინების) შემსწავლელი მეთოდური სახელმძღვანელოს შექმნა და გამოცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე; წყალმაშველებში "ხელფეხშეკრული კოლხურით" ცურვის დანერგვა და გავრცელება, მსოფლიოში მისი პოპულარიზაცია იმ განზრახვით, რომ პერსპექტივაში ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატები წყალმაშველებს შორის "ხელფეხშეკრულ კოლხურში". ცურვის ქართული სახეობების შესახებ ვიდეოფილმების გადაღება, ელექტრონული წიგნების გამოცემა, ვებგვერდის შექმნა, მოძრავი გამოფენების მოწყობა და სხვა.