აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ პირველი ახალი სანქციების შემოღება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო და არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან მოლაპარაკებებს წყვეტს. ამის შესახებ CNN იუწყება.
„პრეზიდენტი თვეების განმავლობაში არაერთხელ იმეორებდა, რომ გარკვეულ მომენტში მას რაღაცის გაკეთება მოუწევდა, თუ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგრესი არ იქნებოდა. ამიტომ, დღეს მან გადაწყვიტა რაღაცის გაკეთება,“ - თქვა რუბიომ.
ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ღიაა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებისთვის.
„ჩვენ მაინც გვსურს რუსულ მხარესთან შეხვედრა... კარგი საუბარი მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან და ჩვენ მას კიდევ დავუბრუნდებით. ჩვენ ყოველთვის დაინტერესებულები ვიქნებით ურთიერთქმედებით, თუ მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა იქნება“, - განაცხადა რუბიომ.
შეგახსენებთ, აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა.