გერმანული გაზეთი „ცაიტი" მოსკოვის „ჰუმანიტარულ მისიას" განიხილავს სტატიაში „განა მართლაც მშვიდობიანია მოსკოვის „სამშვიდობო ჰუმანიტარული მისია" უკრაინის მოსახლეობისათვის?"
სტატიაში, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის მოსახლეობისათვის გამიზნულ რუსეთის ჰუმანიტარულ მისიას ეხება, შეშფოთებაა გამოხატული იმის გამო, რომ შესაძლოა ამ მისიით შენიღბულია იარაღით დახმარება დონბასელი სეპარატისტებისათვის (ავტორი იოჰან ფოსვინკელი).
აღასანიშნავია, რომ პუბლიკაციაში საქართველოცაა ნახსენები.
„გავიხსენოთ საქართველო. რა სურს რუსეთს? ლუგანსკში და დონეცკში ჰუმანიტარული სიტუაცია მართლაც კრიტიკულია. იქ არ არის არც წყალი, არც ელექტროენერგია, არც საწვავი. მაგრამ განა რაში დაეხმარება მოსახლეობას მოსკოვისაგან გაგზავნილი 100 ტონა შაქარი, 62 ტონა ბავშვის საკვები, საძილე ტომრები და გენერატორები? განა ეჭვები არ იბადება, რომ რუსეთს ამით სეპარატისტებისათვის დახმარების გაწევა სურს?", - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი აღნიშნავს, რომ სეპარატისტებს დღემდე მოსკოვი მათ უხმაუროდ ეხმარებოდა და თან ამას უარყოფდა,
„ახლა კი, როცა სეპარატისტებს ნამდვილად გაუჭირდათ, რუსეთმა ე.წ „ჰუმანიტარული აქციის" განხორციელება დაიწყო, თუმცა გაეროსა და დსთ-ის საერთაშორისო მანდატის გარეშე. ისეთი სიტუაციაა, როგორც ექვსი წლის წინ, როცა რუსეთი საქართველოში [„ჰუმანიტარულ"] საფუძველზე შეიჭრა - „სამხრეთ ოსეთში გენოციდის თავიდან აცილების" მიზნით... შემთხვევით არ თქვა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ამ ცოტა ხნის წინათ სამარაში გამართულ სამხედრო წრთვნების დროს, რომ „სამშვიდობო ძალები შეიძლება ყველგან მოულოდნელად დაგვჭირდესო", - წერს ავტორი.