ეტყობა ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა და გაახსენდა, რომ არასამთავრობო სექტორიც ჰყავს ქვეყანაში, - აცხადებს გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში უფლებადამცველი ლია მუხაშავრია. მისი თქმით, ასე ხელაღებით და ვულგარულად არასამთავრობო ორგანიზაციების გაკრიტიკება ხელისუფლების პირველი პირის მხრიდან, პირველ რიგში, მისთვის არის საზიანო.
"ვურჩევდი ირაკლი ღარიბაშვილს, რომ რიტორიკა შეეცვალა და მეტად დაჰკვირვებოდა ამ საკითხს. რაც შეეხება, არასამთავრობოების მიწვევას, ეტყობა, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა და გაახსენდა, რომ არასამთავრობო სექტორიც ჰყავს ქვეყანაში და საჭიროა მათთან კონსულტაციები, მანამდე, ალბათ, ეგონათ, რომ ამოცანებს თავს კარგად ართმევდნენ", - აცხფებს მუხაშავრია და განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელი და შინაარსი მიუთითებს, რომ მისი დანიშნულება მთავრობის მოწინააღმდეგეს, მის მოპირისპირე მხარეს ნიშნავს.
"აქედან გამომდინარე, ის ყოველთვის უნდა უპირისპირდებოდეს ხელისუფლებას, იყოს მისი ოპონენტი და კრიტიკოსი. თუ არასამთავრობო აკეთებს იმას, რაც მთავრობას მოსწონს, ეს, პირველ რიგში, იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ არის დემოკრატიული, იქ ტოტალიტარიზმის ნიშნები არსებობს და ყველაფერი რიგზე ვერ არის. არასამთავრობოების დამოუკიდებლობა არავისზე არ არის დამოკიდებული, თავად არასამთავრობოს გარდა. თუკი ის მოისურვებს, რომ იყოს მთავრობაზე დამოკიდებული, ამისთვის ძალიან ბევრი უნდა `იშრომოს~, რომ იქ შეაღწიოს და მთავრობაში კარგი სახელი მოიპოვოს. ასეთ შემთხვევაში ის ხდება სამთავრობო ორგანიზაცია, ანუ არასამთავრობოდან სამთავრობოდ ტრანსფორმირდება. გვაქვს ინგლისური ტერმინები: "ენჯეო" და "გონგო", რომელთა შორის ძალიან დიდი განსხვავებაა და ჩვენს წრეში ეს ითვლება ძალიან ცუდ ეპითეტად, რითაც კი შეიძლება არასამთავრობო სექტორი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით შეამკონ", - აცხადებს გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში მუხაშავრია.