საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გერმანიის დედაქალაქი ბერლინი ქართული კულტურის დღეებს მასპინძლობს. ქართული მხარის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა კულტურული ღონისძიება ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში იმართება, მიმდინარეობს თეატრალური წარმოდგენები, ფოტოგამოფენა და ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.
ბერლინში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში მსმენელის წინაშე უკვე წარდგა ჯგუფი „შინი", ასევე - მოეწყო აფხაზური საღამო.
ოქტომბრის ჩათვლით ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში გამოფენილი იქნება დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები, აგრეთვე - საქართველოში ღვინის კულტურასთან დაკავშირებული ისტორიული ნივთები.
ევროპული კულტურების მუზეუმი მსგავს ღონისძიებებს 2000 წლიდან ატარებს და ამ ხნის განმავლობაში უკვე უმასპინძლა: პოლონურ, ვენეციურ, თათრულ, ესტონურ, ხორვატიულ, რუმინულ, სარდინიულ, აპულიისა და სლოვაკურ ,,კულტურის დღეებს'.
ბერლინში ქართული კულტურის დღეებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად მხარს უჭერენ: პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი; საქართველოს რესპუბლიკის საელჩო ბერლინში; საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისში; ევროპული კულტურების მუზეუმი ბერლინში; აჭარის უმაღლესი საბჭო; ეროვნული კინოცენტრი; ღვინის ეროვნული სააგენტო.
ქართული კულტურის დღეები ბერლინში 31ივლისს საზეიმოდ გაიხსნა და 4 კვირას გასტანს.