საქართველოს მთავრობის მიზანს კვლავ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მე-6 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.
"2008 წლის აგვისტოს ომიდან ექვსი წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიზანს კვლავ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი, კონკრეტული ნაბიჯი გადადგა, მათ შორის დაიწყო მოსკოვთან უპირობო დიალოგი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხების თაობაზე. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზების პარალელურად, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციასთან დაკავშირებული კურსი რჩება ურყევი. საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს ქართველი ხალხის მისწრაფებისა და არჩევანის რეალიზაციისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე ნაბიჯების გადასადგმელად, რისი ნათელი დადასტურება არის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა.
საქართველოს მთავრობა ღრმად არის დარწმუნებული, რომ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს განვითარება წარმოადგენს ქვეყნის გაერთიანების ყველაზე ეფექტურ და საიმედო გზას", - ნათქვამია განცხადებაში.