2014 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ გრაცში, Accademia Belcanto-ს ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრიზი დაწესდა. ფალიაშვილის სახელობის ჯილდოს მეორე ადგილზე გასული კონკურსანტი მიიღებს. ქალაქ გრაცის მერიამ პირველ პრიზს მოცარტის სახელი უწოდა, მესამე ადგილზე გასულ კონკურსტანტს კი ცნობილი ტენორის, ჯაკომო არაგალის სახელობის ჯილდოს თავად მომღერალი გადასცემს.
ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი 31 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ გრაცში ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. კონკურსის ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი საოპერო ვარსკვლავი, Accademia Belcanto-ს სამხატვრო ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ნათელა ჭყონია-ნიკოლი.
Accademia Belcanto-ს ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრიზის დაწესება საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და განსაკუთრებით, ქართული საოპერო მუსიკის პოპულარიზაციისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
მასალის გამოყენების პირობები