საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიესალმება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მიღების შემთხვევაში, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირს მისცემს უფლებას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს უვადო თავისუფლების აღკვეთისგან გათავისუფლების თხოვნით თავისუფლების აღკვეთის 20 წელის ფაქტობრივად მოხდის შემდეგ მიმართოს. სახალხო დამცველი აპარატის ინფორმაციით, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, მსჯავრდებულებს საბჭოსთვის მიმართვის უფლება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის 25 წლის მოხდის შემდეგ უჩნდებათ.
ცვლილებების ინიცირებამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულებით დამტკიცდა შეწყალების ახალი წესი, რომელმაც 25 წლიდან 15 წლამდე შეამცირა მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის დრო.
საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, აღნიშნული ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებზე არ გავრცელებულა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე განხორციელებული ფართომაშტაბიანი ამნისტია. თუმცა ცხადია, რომ საქართველოს სისხლის სამართალის მართლმსაჯულების და პენიტენციური სისტემის სისტემურმა ნაკლოვანებებმა და უსამართლობამ ამ პირებს სულ მცირე იმგვარივე ზიანი მიაყენა, როგორც იმავე პერიოდში ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ სხვა პირებს.
საქართველოს სახალხო დამცველი ითვალისწინებს მისი აპარატის მიერ დამოუკიდებლად მომზადებულ კვლევასა და განსახილველი კანონპროექტის განმარტებით ბარათს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ევროპის საბჭოს განვითარებული დემოკრატიები თავისუფლების აღკვეთის 15 წლის ფაქტობრივად მოხდის შემდეგ აძლევენ მსჯავრდებულებს მათი სასჯელის გადახედვის მოთხოვნის უფლებას და საქართველოს პარლამენტს მიმართავს წინადადებით, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირების მდგომარეობის შემსუბუქების და მათ მიმართ ჩადენილი უსამართლობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, იმსჯელოს ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადის 15 წლამდე შემცირებაზე, რაც კიდევ უფრო მეტად დაახლოებას მას საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან.
მასალის გამოყენების პირობები