სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თბილისის ყოფილ მერის გიორგი უგულავას მიმართ განხორციელებულ კანონშეუსაბამო მოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს წინადადებით მიმართა და მოითხოვა დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს გამომძიებლის მიმართ.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ბრალდებულ გიორგი უგულავას ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გამომძიებელმა ბრალდებული გიორგი უგულავა გააფრთხილა, არ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაეტოვებინა ქვეყნის ტერიტორია, რათა მონაწილეობა მიეღო სისხლის სამართლის საქმეზე დაგეგმილ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში, მათ შორის, აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაში.
აღსანიშნავია, რომ პირის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლება ექვემდებარება მხოლოდ მოსამართლის, ლეგიტიმურ საფუძველზე დაფუძნებულ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებულ გადაწყვეტილებას. მოქალაქის თავისუფალი მიმოსვლის უფლების შეზღუდვის უფლებამოსილება არ გააჩნიათ სამართალდამცავ ორგანოებს ერთპიროვნულად. საქმის გამომძიებელსა და პროკურორს არ აქვთ უფლებამოსილება, განუსაზღვრონ ბრალდებულს თავისუფლების შეზღუდული ფარგლები და დააკისრონ ქვეყანაში ყოფნის ვალდებულება.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა მთელ რიგ უფლება-მოვალეობებს აკისრებს პირს, მისი ბრალდებულად ცნობის მომენტიდანვე, რის შესახებაც ბუნებრივია, სამართალდამცავმა პირებმა (გამომძიებელი, პროკურორი) შესაბამისი განმარტება უნდა მისცენ ბრალდებულს. თუმცა, ეს თავის თავში არ მოიცავს ერთპიროვნულად, კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობას. შესაბამისად, მსგავსი მოთხოვნა და გაფრთხილება არ ექცევა კანონიერ ფარგლებში და წარმოადგენს სამართალდამცავი პირის არალეგიტიმურ ქცევას.
მასალის გამოყენების პირობები