დღეს, 18 ივლისს, 18:50 საათზე, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე ხელს მოაწერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორ დოკუმენტს: საქართველოსა და ევროკავშირს შორის საქართველოსთვის სტრატეგიული დახმარების ჩარჩო პროგრამის (Single Support Framework - SSF) ურთიერთგაგების მემორანდუმს და 2012 წლის სამოქმედო გეგმის სოფლის მეურნეობის განვითარების სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის საფინანსო შეთანხმების ცვლილებების ოქმს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს აღნიშნულით ევროკავშირი ვალდებულებას იღებს 2014-2017 წლებში საქართველოს გამოუყოს ფინანსური დახმარება 330-დან 410 მილიონი ევროს ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ ფულე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას დაესწრება. დაგეგმილია პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლა.
ვიზიტის ფარგლებში შტეფან ფულე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და იუსტიციის მინისტრს. შეხვედრაზე საუბარი შეეხება ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და მისი შემდგომი იმპლემენტაციის საკითხს.
ამასთანვე, დაგეგმილია შტეფან ფულეს შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სამოქალქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან.