17 ივლისს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას და დიდი ქართველი რეჟისორის თემურ ჩხეიძის პრესკონფერენცია გაიმართა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და რეჟისორ თემურ ჩხეიძის ინიციატივით, 2014 წლის ოქტომბრიდან გაიხსნება თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი, რომელსაც თავად რეჟისორი უხელმძღვანელებს.
ცენტრი იმუშავებს სახელოსნოს პრინციპით, სადაც თეატრის რეჟისორები, დრამატურგები და თეატრმცოდნეები ორი სასწავლო წლის განმავლობაში, სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე თავიანთ პროფესიულ უნარებს სრულყოფენ და შესაბამისი სპეციალობების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს დაეუფლებიან. ცენტრის მიზანია ქართული სასცენო ხელოვნების განვითარება, საერთაშორისო ტენდენციების გაცნობა, თეატრის ახალგაზრდა სპეციალისტთა დაოსტატება და მაღალმხატვრული თეატრალური პროდუქციის შექმნა. სასწავლო პროცესი უშუალოდ თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით წარიმართება.
სახელოსნოში სწავლის მსურველები კონკურსის წესით შეირჩევიან. თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრში მიღების პირობებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაეცნობით.
***
საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის, შოთა რუსთაველის, მიხეილ თუმანიშვილისა და კიდევ მრავალი პრემიის ლაურეატი, „ოქროს გრან-პრის", კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს - „ხელოვნების ქურუმისა" და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის (დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო) დამთავრების შემდეგ მოღვაწეობდა: ზუგდიდის დრამატულ, მოზარდ მაყურებელთა ქართულ და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად; 1991 წლიდან 22 წლის განმავლობაში - სანკტ პეტერბურგის დიდი თეატრის ჯერ - რეჟისორად, შემდეგ - მთავარ რეჟისორად და 2007 წლიდან, 6 წლის განმავლობაში - სამხატვრო ხელმძღვანელად. 2013 წლიდან თემურ ჩხეიძე სანკტ პეტერბურგიდან საბოლოოდ ბრუნდება და საქართველოში განაგრძობს მოღვაწეობას.
წლების განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი თეატრების სცენაზე თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი, ასევე, გადაღებული აქვს სატელევიზიო სპექტაკლები და თავადაც მონაწილეობდა ორ ქართულ მხატვრულ ფილმში.