,,მე როდესაც თქვენთან მინდა სასიხარულო ამბავზე მოვიდე დაპატიჟებას არ ველი", _განაცხადა კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის რატიფიცირებაზე პრეზიდენტის შესაძლო დასწრების კომენტირებისას.
მისივე განცხადებით, პარლამენტში მნიშვნელოვანი ამბავი ხდება და წესით ამ პროცესს პრეზიდენტი გიორგი მარველაშვილი უნდა დაესწროს.
,,მე მაგალითად, მოვიდოდი იმიტომ, რომ პარლამნეტში მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, მაგრამ პროტოკოლი პროტოკოლია. Aარ ვიცი თუ პროტოკოლში წერია, რომ თუ არ დაპატიჟეს არ უნდა მოვიდეს ვერ გეტყვით", _განაცხადა ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ხვალ, 18 ივლისს უნდა მოახდინოს. რიგარეშე სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამის პროცედურებს გაივლის. 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილ "ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას" დეპუტატებს მომხსენებელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე წარუდგენს. გამოსვლები 17:00 საათზე იგეგმება. გამოსვლების შემდეგ, კენჭისყრის პროცედურამდე გამოცხადდება შესვენება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მოწვეული სტუმრები მიმართავენ.
,,სხდომას ევროკომისარი შტეფან ფულე დაესწრება, რომელიც ამ მოვლენასთან ყველაზე ახლოს იყო და მისი დახმარებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებების პროცესი. ველოდებით სტუმრებს ლატვიიდან და ბულგარეთიდანაც. როგორც ცნობილია, დაესწრებიან ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. პარასკევს სხდომას ასევე დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე.
ჯერჯერობით, უცნობია დაესწრება თუ არა პრეზიდენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაიმართება საზეიმო ღონისძიება.