საპარლამენტო კომიტეტებში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს განიხილავენ.იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და უშიშროების კომიტეტის გაერთიანებულ სხდომებს საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ხვალ, 18 ივლისს უნდა მოახდინოს. რიგარეშე სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამის პროცედურებს გაივლის. 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილ "ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას" დეპუტატებს მომხსენებელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე წარუდგენს. გამოსვლები 17:00 საათზე იგეგმება. გამოსვლების შემდეგ, კენჭისყრის პროცედურამდე გამოცხადდება შესვენება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მოწვეული სტუმრები მიმართავენ.
,,სხდომას ევროკომისარი შტეფან ფულე დაესწრება, რომელიც ამ მოვლენასთან ყველაზე ახლოს იყო და მისი დახმარებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებების პროცესი. ველოდებით სტუმრებს ლატვიიდან და ბულგარეთიდანაც. როგორც ცნობილია, დაესწრებიან ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. პარასკევს სხდომას ასევე დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაიმართება საზეიმო ღონისძიება.