17 ივლისს 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ეკლესიის მფლობელობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის შესახებ. დოკუმენტს ხელს მოაწერენ კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე.
ღონისძიებას დაესწრებინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
2002 წლის 14 ოქტომბერს დადებული კონკორდატის (კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის) შემდეგ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის პირველად იდება მარეგულირებელი დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში.
მემორანდუმი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (თვინინგი) ფარგლებში ფორმდება, რომელიც 2013 წლის 11 ივნისიდან კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ხორციელდება.
გამოცდილებისა და კვალიფიკაციიდან გამომდინარე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პროექტის ძირითად პარტნიორებად შერჩეულ იქნა იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტრო და დანიის კულტურის სააგენტო.
მისამართი: საქართველოს საპატრიარქო, ერეკლეს II-ს მოედანი N 1.