16 ივლისს, 12:00 საათზე კულტურის სამინისტროში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კულტურის სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში.
ხელმოწერის ცერემონიამდე გაიმართება კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და დისკუსია. შეხვედრას გაუძღვება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი, ღონისძიებას დასწრებიან სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები და საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მემორანდუმის ფარგლებში, თავიანთი მიზნების განხორციელებისათვის, მხარეები აიღებენ ვალდებულებას ითანამშრომლონ კულტურის სფეროში, რომელიც მოიცავს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების მიმართულებას.
სამინისტრო, თავის მხრივ, აიღებს პასუხისმგებლობას უზრუნველჰყოს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის პროცესში დაინტერესებული საგანმანათლებლო ორგანიზაციების ჩართულობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და კულტურის პოლიტიკის განხორციელების პროცესში საგანმანათლებლო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართვა.
მემორანდუმის ფარგლებში საგანმანათლებლო ორგანიზაციები აიღებენ პასუხისმგებლობას მონაწილეობა მიიღონ კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისათვის სამუშაო შეხვედრებში; შეიმუშავონ რეკომენდაციები, წინადადებები, შენიშვნები კულტურის პოლიტიკის დოკუმენტთან მიმართებაში და გაუზიარონ მათი გამოცდილება სამინისტროს.