დღეს, 27 მარტს, 16:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში პროექტის _ "ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნება: ძველი თბილისის იდენტურობა და სული" _ პრეზენტაცია გაიმართება.
"ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნება: ძველი თბილისის იდენტურობა და სული" არის თერთმეტთვიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებენ ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი, და მათი ქართველი პარტნიორები - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორიოსო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო). 28 იანვარს ბრიტანეთის საბჭოში მოეწყო პროექტის მონაწილეთა პირველი სამუშაო შეხვედრა.
პროექტის მიზანია, ფართოდ გახადოს ცნობილი ქართული ურბანული მემკვიდრეობის პროფესიული, ეფექტიანი და მდგრადი მენეჯმენტის მნიშვნელობა ევროპული გამოცდილების გაზიარების გზით, რათა მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ამ უკნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კონფერენცია, უორქშოფი და კონკურსი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, გამოფენა და სასწავლო ვიზიტები დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ნორვეგიაში. პროექტის მასალა გამოიცემა წიგნად და დაურიგდება როგორც ადგილობრივ ექსპერტებს, ასევე სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ახალგაზრდების მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, პროექტის შესახებ ინფორმაცია განთავსდება Fაცებოოკ-ის სპეციალურ გვერდზე.
"თბილისს უნიკალური ურბანული მემკვიდრეობა აქვს, რასაც შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოს ქალაქის ეკონომიკური და კულტურული განვითარების საქმეში. ამ პროექტით გვსურს შევისწავლოთ როგორ მიმართებაშია წარსული აწმყოსა და მომავალთან. გვსურს, მივაღწიოთ კულტურათაშორის დიალოგს, რითაც შევძლებთ გამოცდილების გაზიარებას და პროფესიონალიზმის ამაღლებას პროგრესული განვითარების პროცესში მყოფ საქართველოში", _ აცხადებს ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი, პოლ დაბლდეი.
გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის ვერნერ ვოლის განცხადებით, ეს პროექტი საინტერესო გაგრძელებაა იმ ინიციატივის, რომელიც გოეთეს ინსტიტუტმა შარშან დაიწყო და რომლის მიზანია, გააცნოს როგორც ქართველ სპეციალისტებს, ასევე რიგით მოქალაქეებს გერმანული გამოცდილება კულტურული მემკვიდრეობის სფეროში. გარდა ამისა, ეს პროექტი ძალზე საინტერესო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაცაა.
ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის მოქმედი დირექტორის სიურ ჰელსეთის განცხადებით, ძველ თბილისს ზრუნვა აკლია.
"უმთავრესი პრობლემაა, რომ არ არსებობს ქალაქის განვითარების გეგმა. იმედი მაქვს ამ პროექტით დავარწმუნებთ ხელისუფლებას, რომ აუცილებელია ძველი თბილისის რესტავრაციის გენერელური გეგმის შემუშავება", _ აცხადებს იგი.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი მაკა დვალიშვილის განცხადებით, პროექტი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას დაეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ კულტურულთან ერთად რა დიდი ეკონომიკური სარგებლობის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის ძველი თბილისის სწორად განხორციელებულ რესტავრაციას და რეგენერაციას.
ICOMOS საქართველოს გენერალური დირექტორი ნატო ცინცაბაძე კი აცხადებს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროექტით დაგეგმილ ღონისძიებებში როგორც ახალგაზრდებისა და რესტავრატორების, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთა მინაწილეობას.
პროექტის ავტორთა განცხადებით, 1999 წელს ძველი თბილისი წარდგენილი იყო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესატანად. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის კომიტეტი აღიარებს ძველი თბილისის გამორჩეულ უნივერსალურ მნიშვნელობას და თავისთავადობას, 2000 წელს მან თავი შეიკავა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისაგან, და რეკომენდაცია მოგვცა, რათა შექმნილიყო ფართო მენეჯმენტის სტრუქტურა და შემუშავებულიყო რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სახელმძღვანელო დებულებები, რაც დღემდე არ შესრულებულა.
"საქართველოს არ აქვს დიდი გამოცდილება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების შენარჩუნებისა და რეგენერაციის უახლესი მეთოდების სფეროში. ამის გამო არსებობს საფრთხე, რომ ძველ თბილისს დაეკარგება თავისთავდობა და უნიკალური სული. ამის მიზეზია, ერთი მხრივ, მოგებაზე ორიენტირებულ ინვესტორთა მოთხოვნები და მეორე მხრივ, მცდარი ინტერვენცია, დაბალი ხარისხხით შესრულებული სარესტავრაციო სამუშაო. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ექსპერტები და ძეგლთა დაცვის ორგანიზაციები თავიანთი მწირი რესურსების ფონზე ყველაფერს აკეთებენ ძველი თბილისის გადასარჩენად და კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის რეკომენდაციების შესასრულებლად, მათ სჭირდებათ საერთაშორისო მხარდაჭერა რათა მომავალ ქართველ თაობებს შევუნარჩუნოთ ქალაქის ძველი ნაწილი", _ აცხადებენ ისინი.