15 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გიორგი ოვაშვილს უმანისპინძლა, რომლის ფილმმაც „სიმინდის კუნძული" კარლოვი ვარის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი „ბროლის გლობუსი" მოიპოვა.
კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული კინო წელს პირველად მოხვდა მთავარ საკონკურსო პროგრამაში. გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძულის" მსოფლიო პრემიერა ფესტივალის ფარგლებში 9 ივლისს მოეწყო და 12 ივლისს ფესტივალის დასკვნით ცერემონიაზე მთავარი ჯილდო „ბროლის გლობუსი" გადაეცა.
კარლოვი ვარის ფესტივალი არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე პრესტიჟულ კინოპლათფორმას წარმოადგენს. ფესტივალი სათავეს 1946 წლიდან იღებს და უკვე 49 წელია სხვადასხვა კატეგორიაში საუკთესო ფილმებს ავლენს.
ფესტივალს ყოველწლიურად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები. წელს კალოვი ვარს საპატიო სტუმარის სტატუსით მელ გიბსონი ეწვია, რომელსაც კინოში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის ჯილდო გადაეცა. ფესტივალს ასევე დაესწრო გამოჩენილი ფრანგი მსახიობი ფანი არდანი, რომელიც უკვე მესამედ წარდგა რეჟისორის ამპლუაში და მისი ახალი ფილმი „Obsessive Rhythms" წარმოადგინა. ფესტივალის ერთ-ერთი სპეციალური სტუმარი იყო ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ლაურა დერნიც, რომელმაც დამსწრე საზოგადოებისათვის დევიდ ლინჩის საკულტო ფილმი „Wild at heart" წარმოადგინა.
წლების განმავლობში ფესტივალს სტუმრობდნენ კინოინდუსტრიის ისეთი ცნობილი წარმომადგენლები როგორიც არიან: ბერნარდო ბერტოლუჩი, ჯულიეტა მაზინა, მონიკა ვიტი, დენი დე ვიტო, რობერტ დე ნირო, ფანი არდანი, ოლივერ სთოუნი, ჯონ ტრავოლტა და ა.შ.
ყოველწლიურად კარლოვი ვარის ფესტივალს 850-მდე დისტრიბუტორი, გაყიდვების მენეჯერი თუ პროდიუსერი ესწრება, 700-მდე ჟურნალისტი სპეციალურად ამ ღონისძიების გასაშუქებლად ჩადის ჩეხეთში, ასობით რეჟისორი, მსახიობი თუ პროდიუსერი პირადად წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს დამსწრე საზოგადოების წინაშე, ყოველწლიურად იყიდება 120.000-მდე ბილეთი.
ფესტივალი რამდენიმე სექციისგან შედგება, სადაც ყოველწლიურად წარმოდგენილია განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩეული 200 ნამუშევარი მთელი მსოფლიოდან, იმართება 70 მათგანის მსოფლიო პრემიერა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მთავარ საკონკურსო სექციას, სადაც უახლესი ფილმების პირველი ჩვენება იმართება. სექცია „East of the West-Competiton" წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის, თურქეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მხატვრულ ფილმებს. საინფრომაციო პროგრამებში წარმოდგენილია საუკეთესო თანამედროვე კინემატოგრაფიის ნიმუშები. ფესტივალი მოიცავს კიდევ ორ საკონკურსო სექციას „Forum of Independence-Competiotion" (დამოუკიდებლობის ფორუმი-კონკურსი) "Documentary Films - Competition" (დოკუმენტური ფილმების კონკურსი). ფესტივალის ფარგლებში იმართება უამრავი შეხვედრა და მასტერკლასი რეჟისორებთან, მსახიობებთან, პროდიუსერებთან.
კარლოვი ვარის ფესტივალის კონცეფცია გამომდინარეობს ჩეხეთის რესპუბლიკის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის გზაჯვარედინს წარმოადგენს. ფესტივალი ყოველწლიურად წარმოადგენს ადგილობრივ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კინოპროდუქციას მსოფლიოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისა და მსოფლიო მედიის წინაშე. გამორჩეული პროგრამის, ხარისხისა და უნიკალური ატმოსფეროს დამსახურებით ფესტივალი იქცა ყოველწლიურ მნიშვნელოვან ღონისძიებად მყიდველების, დისტრუბუტრების, ფესტივალების ორგანიზატორების, ჟურნალისტების, რეჟისორებისა თუ ზოგადად კინოინდუსტრიის წარმომადგენელთათვის.