გერმანიაში სამკურნალოდ მყოფმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მისმა ქორეპისკოპოსმა მიტროპოლიტმა თეოდორემ წაიკითხა.
Pპატრიარქი მწუხარებას გამოთქვამს, ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო და აღნიშნავს, რომ შევარდნაძემ წინააღმდეგობით სავსე დიდი გზა განვლო.
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ მწუხარებას საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ გიორგი ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო და იმის გამო, რომ ვერ ვესწრები მის დაკრძალვას. მეტად რთული და წინააღმდეგობით სავსე დიდი გზა განვლო. სოფელში დაბადებული ადამიანი ათეული წლები საქართველოს მართავდა, შემდეგ კი მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი გახდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაში, გერმანიის გაერთიანებაში, კომუნისტური რეჟიმის შეცვლასა და საერთოდ მსოფლიო ახალი რეალობის ჩამოყალიბებაში. მისი მოღვაწეობის შესახებ ამ დღეებში მრავალი ითქმის, მე კი მინდა, ყურდღება გავამახვილო იმ ცვლილებაზე, რაც ბატონი ედუარდის შინაგანმა სამყარომ განიცადა. პიროვნება, რომელიც ერთგული იყო ათეისტური აზროვნებისა, მოინათლა, მაგრამ სულიერი ცვლილება უფრო გვიან მოხდა და ვმადლობ ღმერთს, რომ იგი ამ ქვეყნიდან მაზიარებელ ქრისტიანად წავიდა. აღვავლენთ ლოცვებს გიორგი ედუარდის უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ უფლას სავანელსა მართალთასა დააწესოს იგი. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - ნათქვამია ილია მეორის წერილში.