საია მერებისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღე შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში.
საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, მთელ რიგ შემთხვევებში, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომლებიც უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას ახდენდნენ. საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები უბნებზე დამკვირვებელთა ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფდნენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მართალია უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვა კანონით პირდაპირ აკრძალული არ არის, თუმცა მსგავსი ფაქტები შესაძლებელია წარმოადგენდეს ამომრჩევლის ნების არაპირდაპირ კონტროლს. ამომრჩეველს კანონმდებლობით აქვს უფლება ყოველგვარი პირდაპირი თუ ირიბი გავლენისგან თავისუფალ გარემოში თავად გადაწყვიტოს თუ ვის მისცეს ხმა ან საერთოდ მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. აღნიშნულ პრობლემას საია წლების განმავლობაში აფიქსირებდა და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო არჩევნებისთვის ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება. საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 43 საჩივარი და 34 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში. საჩივრები შეეხებოდა შემდეგ დარღვევებს: წილისყრის პროცედურების დარღვევები - 3 შემთხვევა; საკონტროლო ფურცლების შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები - 18 შემთხვევა; დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა - 2 შემთხვევა; კომისიის წევრის მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება - 4 შემთხვევა; არასათანადო დოკუმენტებით არჩევნებში მონაწილეობა - 2 შემთხვევა; საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემები - 3 შემთხვევა; ბიულეტენების არასწორად გაცემა (ზედმეტი ბიულეტენის გაცემა, ბიულეტენის გაცემა ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე, ბიულეტენის გაცემა ბეჭდის ან ხელმოწერის გარეშე) - 4 შემთხვევა; არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემა - 1 შემთხვევა; ხმის დათვლის პროცედურების დარღვევა - 4 შემთხვევა; შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსება - 2 შემთხვევა.
საიას დამკვირვებლების მიერ ასევე დაფიქსირდა შენიშვნები სხვა დარღვევებთან დაკავშირებით. მათ შორის უმრავლესობა აღმოიფხვრა/გამოსწორდა საიას დამკვირვებლების მიერ შენიშვნების დაფიქსირების შედეგად. ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს საიას დამკვირვებელს ისნის N6 საარჩევნო უბანზე არ აძლევდნენ ხმის დათვლის პროცესზე დაკვირვების, ხოლო შემდეგ საჩივრის წარდგენის საშუალებას. ცესკოს დახმარებით დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა გაეგრძელებინა დაკვირვება. თუმცა აღნიშნული დარღვევა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან დამატებით შესწავლასა და რეაგირებას მოითხოვს.
მნიშვნელოვანი დარღვევების გამო საიას დამკვირვებლებმა მარტვილის N21-ე უბნის შედეგების ბათილობა მოითხოვეს. საიას დამკვირვებლების საჩივრის საფუძველზე თელავის N20 უბნისა და საბურთალოს N60 უბნის გადასატანი ყუთის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.
არჩევნების შეჯამების შემდეგ საია წარმოადგენს მთლიან ანგარიშს, სადაც გაანალიზებული იქნება არჩევნების მთლიანი სურათი წინასაარჩევნო პერიოდის, კენჭისყრის დღის, დავების განხილვისა და არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის ჩათვლით. აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე საია საარჩევნო ადმინისტრაციასა და ხელისუფლებას მიაწვდის რეკომენდაციებს არჩევნების კიდევ უფრო დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.