მოსკოვში ჩამოყალიბდა ახალი ქართული კავშირი _ "საქართველოსთვის". ახლად შექმნილი ორგანიზაცია ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებას შეეცდება.
ორგანიზაციის ოფიციალური პრეზენტაცია მოსკოვში გაიმართა. ყრილობა ჯერ რუსეთის, შემდეგ კი საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. მასპინძელი დელეგატებს რუსულ ბაზარზე აკრძალული "ბორჯომით" გაუმასპინძლდა. ყრილობაზე საინტერესო იყო არაოფიციალური ნაწილისთვის მომზადებული ტორტების გაფორმებაც. ისინი ორგანიზატორებმა ქართული და რუსული დროშებით გააფორმეს.
ახალი კავშირის ლიდერი მინდია გულუა იქნება, რომელიც კრასნოდარში ქართულ დიასპორას ხელმძღვანელობს.
საინტერესოა, რომ მიხეილ ხუბუტიას "ქართველთა და რუსთა ერთობის კავშირიდან" გულუამ რამდენიმე ადამიანი უკვე გადაიბირა.
"ჩვენი მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით. გვსურს, ქართველებმა იცხოვრონ მშვიდობიან, ეკონომიკურად განვითარებულ და სიყვარულით აღსავსე ქვეყანაში. დღეიდან ჩემთვის სიტყვა "საქართველოსთვის" იქნება დევიზიც და ლოცვაც. მე მოვედი ამ საქმეში დიდი ხნით. ბევრს ჰპირდებიან ხალხს, მაგრამ შემდეგ ავიწყდებათ დანაპირები. დავპირდებით და გავაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე სხვები ამბობენ და ჰპირდებიან. ეს იქნება ცოცხალი ორგანიზაცია. ჩვენ მოვედით დიდი ხნით, მოვაგვარებთ ყველა პრობლემას და არსად გავქრებით, პირიქით, გავძლიერდებით", _ განაცხადა გულუამ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
მასალის გამოყენების პირობები